დავით სარაჯიშვილის სახლი

დავით სარაჯიშვილი სამშობლოში1880 წელს, მამისეულ სახლში დაბრუნდა (სერგეევის 13, ამჟამად ი.მაჩაბლის ქუჩა). 1880 წელს მან შეიძინა სასახლის ქუჩაზე ძველი ბინის ნაწილი, დაანგრია და მის ადგილზე ახალი, სამსართულიანი სახლი ააშენა.
 “როდესაც დავითმა დაანგრია მამისეული სახლი სერგეევის ქუჩაზე, პირველი სართულის ქვეშ სარდაფები იყო და მახსოვს, მუშებმა 22 ბოთლი კარგად დაცობილი ძველი ღვინო იპოვეს. ახალი ბინის საძირკველის ჩაყრისას კი დავით ზაქარიას ძემ მუჭა ოქრო ჩაყარა, მაგარი საძირკველი ექნებაო, (ასეთი იყო მაშინ რწმენა, ადათი), ჩვენ დროებით გადავედით საცხოვრებლად ფრეილინის ქუჩაზე”. (ა. მამაცაშვილის მოგონებიდან).
ერთხანს ამ სახლში “ქართველთა წერა-კითხვის გამავრეცელებელმა საზოგადოებამ”’ დაიდო ბინა. მცირე ხნით აქ აკაკი წერეთელიც ცხოვრობდა, ივანე მაჩაბელიც და არტურ ლაისტიც… 1907 წელს ავადმყოფი აკაკი წერეთელი ამ სახლში იწვა მასპინძელი ოჯახის მზრუნველობით. სახლს ულამაზესი ეზო ჰქონდა, ბაღი. მოლსა და ხეებს შორის საგანგებოდ დაკვალული ბილიკებით და  პლასტიური ფორმის აუზით, რომლის ცენტრშიც “პუტის” მცირე ქანდაკება იყო აღმართული.
არქიტექტორად მოიწვია კარლ ცაარი, მასთან ერთად მუშაობდნენ თბილისელი არქიტექტორები - ალექსანდრე ოზეროვი და კორნელი ტატიშჩევი. სახლის მშენებლობა 1905 წელს დასრულდა და 3 მაისს დიდი ზეიმით აკურთხეს. პირველ სართულზე თავად დავითი ცხოვრობდა, აქ იყო მისი მისაღები, კაბინეტი, საზეიმო დარბაზი. დავით სარაჯიშვილის ულამაზესი პატარა სასახლე, იშვიათი ხის ჯიშებით დამშვენებული ბაღით, შადრევნებით, არწივისა და თუთიყუშისთვის საგანგებო გალიებით და პარა კლდით, რომელზეც ამაყად იყო გადმომდგარი მისი საფირმო ემბლემაზე გამოსახული შავრქიანი ჯიხვის ქანდაკება. თვით სასახლის დარბაზები კი იშვიათი ბუხრებით, ბრინჯაოს ქანდაკებებით ფერწერული ტილოებით, სარკეებით, ავეჯით და სხვა ძვირფასი ნივთებით დამშვენებული.
სასახლის გახსნა დავით სარაჯიშვილმა ქორწილის იუბილეს, “ვერცხლის ქორწილს” დაამთხვია. სადაც თავი მოიყარეს იმდროინდელმა საზოგადო მოღვაწეებმა... უამრავი სტუმარი - ვალერიან გუნია, დავით ფორაქიშვილი, აკაკი წერეთელი, გიგო გაბაშვილი, დათა ჩოლოყაშვილი, დავით ერისთავი, საშიკო ორბელიანი, ელისაბედ თარხნიშვლი… ამ სახლში დავით სარაჯიშვილი ხშირად მართავდა მუსიკალურ საღამოებს და მომღერლებს, მწერლებს,  მხატვრებს იწვევდა. აქ უკრავდნენ და მღეროდნენ. პირველად ამ სახლში მოეწყო ქართველი ფერმწერის, გიგო გაბაშვილის გამოფენა.



დავითის სახლი, სასახლის ქუჩაზე,ქართველი ინტელიგენციის საყვარელი ადგილი იყო, ნამდვილი სალონი, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს ალექსანდრე ჭავჭავაძისა და მანანა ორბელიანის სალონის გაგრძელებად. ამ ახლს „სარაჯიშვილების ნომერს “ და „ევროპასაც „ ეძახდნენ.  იქ კვირაში ერთხელ თავს იყრიდნენ ცნობილი მწერლები და საზოგადო მოღვაწეები ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, რაფიელ ერისთავი, იონა მეუნარგია, გრიგოლ ყიფშიძე, პეტრე უმიკაშვილი, არტურ ლაისტი, იაკობ ნიკოლაძე და მრავალი სხვა.
კითხულობდნენ ამა თუ იმ მწერლის ნაწარმოებებს, იმართებოდა აზრთა გაცვლა-გამოცვლა, რომელიც მთავრდებოდა ვახშმით, ქეიფით.
 იაკობ მანსვეტაშვილი იგონებს: მოსვენებას არ ვაძლევდით ილიას, გვინდოდა, რომ ივერიისთვის რაიმე ახალი მოთხრობა მოეცა. ვიცოდით, რომ ჩანასახად უკვე აქვს დაწყებული მოთხრობა, რომლისთვისაც წინა განზრახვა ჰქონია, მგონი გიორგი ეწოდებინა სახელად, მერე კი ოთარაანთ ქვრივი დაარქვა... ახლადშობილს მონათვლა უნდოდა. განუყრელი, უცვლელი ნათლია ილიას ნაწარმოებებისა დავით სარაჯიშვილი იყო: იმდენად გულუხვი, პატივცემული ნათლია, რომ ნათლობასაც თვითონვე იხდიდა თავის სტუმართმოყვარე სახლში. ასე იყო მონათლული განდეგილი და ამ წესრიგს არც ახლა გადაუდგა სარაჯიშვილი. საღამოს რვა საათი იქნებოდა, სარაჯიშვილის ფართო, მდიდრულად მოწყობილ სახლში, სოლოლაკში, დიდძალ ქართველობას მოეყარა თავი...
ილიამ წაიკითხა თავისი მოთხრობა. ამასობაში კარგა ხანმა გაიარა. შუაღამე გადასული იყო, პურადმა მასპინძელმა, დავით სარაჯიშვილმა, ყველანი ვახშმად მიგვიწვია. შევედით დიდ სასადილო ოთახში, სადაც დიდებული სუფრა იყო გაშლილი. ვახშამმა მხიარულად ჩაიარა. მეტადრე ლაზათი დასდო სუფრას თამადამ, მოხუცმა რაფიელ ერისთავმა. 




Комментариев нет:

Отправить комментарий