იმ დროს, როცა დავით
სარაჯიშვილი მეცენატობდა, არ იყო Forbes-ის რეიტინგი, თორემ იქნებ სწორედ ის
ყოფილიყო პირველი ქართველი, ვინც საპატიო ადგილს დაიმკვიდრებდა პლანეტის უმდიდრეს
ადამიანებს შორის. საქართველოში დავით სარაჯიშვილი მეცენატობის სიმბოლოდაა ქცეული,
ხოლო მისი ცხოვრება ქველმოქმედების უბადლო ნიმუში გახლდათ. ამასთან, უდიდესი
სიმდიდრის ფლობის მიუხედავად, დავით სარაჯიშვილი სიკვდილამდე თავმდაბალ ადამიანად
დარჩა, რომლის სახლში ნებისმიერ დროს თანაბრად მიესვლებოდა გლეხსაც და
ინტელიგენტსაც – დავით სარაჯიშვილს არასდროს გასჩენია „ერის მამობის“ პრეტენზია და არც არასდროს უფიქრია ამა თუ იმ ფორმით
პოლიტიკაში ჩართვაზე – აკეთებდა საქმეს, რაც კარგად იცოდა და მეგობრობდა, ხელს
უწყობდა და ეხმარებოდა მათ, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობაზე ოცნებობდა...
"არც ერთი საქვეყნო საქმე არ დაწყებულა 30
წლის განმავლობაში ისე, რომ დავით ზაქარიას ძეს თავისი წვლილი არ შეეტანოს,
მატერიალური დახმარება არ გაეწიოს, გაზეთ-ჟურნალის, წიგნის გამოცემა, სცენის
მოყვარულთა, მომღერალთა, მემუსიკეთა და მეცნიერთა გამოზრდა. ეკლესიისა და სკოლის
გამშვენიერება, ღარიბ-უძლურთა გაკითხვა, უცხოელ და შინაურ მოღვაწეთა
გამანსპინძლება და მათი ერთმანეთთან დაახლოება" (ალ. ხახანაშვილი)
დავითი ღრმად მორწმუნე კაცი იყო,საკმაოდ დიდ თანხებს ხარჯავდა ეკლესია-მონასტრების
მშენებლობასა თუ რესტავრაციაზე. დავით სარაჯიშვილის ინიციატივითა და დიდი წილი მისივე სახსრებით
აშენდა თბილისში ქაშვეთის ტაძარი(ამ ფაქტის აღსანიშნავად 1995 წელს ეკესიის
შესასვლელ კარებზე დავითისა და მისი მეუღლის სახელის ინიციალებია ამოტვიფრული ) ,რესტავრაცია
ჩაუტარდა სვეტიცხოველს, მცხეთის დედათა მონასტერს, იკორთის, მარტყოფის, თბილისის
სამების, მთაწმინდის, კალოუბნის და მრავალ სხვა ეკლესიას.
– ღმერთი და სამშობლო! ეს უმაღლესი ფასეულობებია.
ქვეყნისთვის ყველა მნიშვნელოვან წამოწყებაში დავითს
გვერდში ერთგული მეუღლე - ეკატერინე ფორაქიშვილი ედგა. სამწუხაროდ, სიკეთით სავსე
წყვილს შვილი არ ჰყავდა.
"რას მიქვია უშვილობა, განა ყველა ბავშვი,
მომავლის იმედად აღზრდილი, ქვეყნის საკეთილდღეოდ გაწვრთნილი, ჩემი შვილი არ
არის?!" (დ. სარაჯიშვილი).
დავით სარაჯიშვილმა ნიკო ცხვედაძის თავმჯდომარეობით
დააარსა კომიტეტი, რომელსაც ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენა ევალებოდა. დავითი
მათ საზღვარგარეთ სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიებს უნიშნავდა. დავითის
სტიპენდიანტებს შორის ბევრი შემდგომში ცნობილი მოღვაწეა.
კომპოზიტორები: ზაქარია ფალიაშვილი,
დიმიტრი არაყიშვილი, მელიტონ ბალანჩივაძე, ია კარგარეთელი, კოტე ფოცხვერაშვილი.
მომღერლები: ვალერიან ქაშაკაშვილი, ვანო სარაჯიშვილი;
მხატვრები: გიგო გაბაშვილი, მოსე თოიძე, გრიგოლ მესხი; მოქანდაკე იაკობ ნიკოლაძე.
მეცნიერები და საზოგადო მოღვაწეები:
სოლომონ ჩოლოყაშვილი, მოსე შალამბერიძე, სილოვან კაკაბაძე, ფილიპე გოგიჩაიშვილი,
არჩილ ქართველიშვილი, ნინო ციციშვილი, კათალიკოსი კალისტრატე ცინცაძე.
დავითი
ფულად დახმარებას უწევდა ასევე უცხოეთში მყოფთ: აკაკი შანიძეს, ვახტანგ
კოტეტიშვილს, გერონტი ქიქოძეს, თედო სახოკიას, ნოე ჟორდანიას და მრავალ სხვას,
რომელთა ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.
"გავლიან დღენი, თვენი, საუკუნენი და
დავით ზაქარიას ძე სარაჯიშვილის ხსენებას ვერავინ ამოშლის, ვერავინ ამოფხიკავს...
შთამომავლობას გადაეცემა მისი ხსოვნა. ვინაიდან მისგან დაზრდილსა და განათლებულის
ქართველთა შვილებით და შვილიშვილებით იქნება საქართველო სავსე" (ზაქარია
ჭიჭინაძე).
სარაჯიშვილს მჭიდრო კავშირი ჰქონდა რუსეთის უნივერსიტეტებში მოღვაწე ქართველ
მეცნიერებთან. ერთ–ერთზე მას უთხრეს, რომ ქართველ სტუდენტებს გამორჩევით მკაცრად ეპყრობაო.
სარაჯიშვილი ამან ძალზე დააინტერესა:
– ეს მართალია? – შეეკითხა ის პროფესორს.
– დიახ.
– რატომ აკეთებ ამას?
– იმიტომ, რომ ქართველმა უკეთ აითვისოს კურსი! ჩვენ პატარა ერი ვართ და უფლება არ გვაქვს,
საშუალონი ვიყოთ.
– მართალია! – თავი დაუქნია სარაჯიშვილმა და მაგრად ჩამოართვა ხელი.
ის მატერიალურად ეხმარებოდა რუსეთში სასწავლებლად წასულ ქართველებს, თან ასე მოძღვრავდა:
– ჯერჯერობით უნივერსიტეტი არ გვაქვს! მის გახსნას ალბათ ვერ მოვესწრები. ეს თქვენ
უნდა გააკეთოთ, შვილებო! აბა, თქვენ იცით!
ამ ბიჭებიდან ბევრი მართლაც სასიქადულო მამულიშვილი დადგა, რად ღირს თუნდაც კალისტრატე ცინცაძე , საქართველოს მომავალი პატრიარქი.
დავით
სარაჯიშვილმა უზარმაზარი წვლილი შეიტანა ქართული სახელმწიფო უნივერსიტეტის მშენებლობაში, მოგვიანებით კი მას თავისი უმდიდრესი ბიბლიოთეკა უანდერძა. გადმოცემით, ფუნდამენტის ჩაყრის დროს ჯიბისკენ წაუღია ხელი და ბალავრის კუთხეებში ოქროს ფული ჩაუყრია - მკვიდრი შენობა აიგებაო. ნიკო ცხვედაძეს, რომელიც ამ უნივერსიტეტის მშენებლობას თავკაცობდა, 60 ათასი მანეთი გადასცა და უთხრა: „აჰა, ჯერ ეს იკმარე, ოღონდ ნურსად გამამჟღავნებ, დაიწყე საქმე და რამდენიც დაგჭირდება აქა ვარ“.
იაკობ მანსვეტაშვილი გადმოგვცემს, რომ უნივერსიტეტის შენობის მშენებლობისათვის სარაჯიშვილი არას ზოგავდა, საკომისიო ბანკებში მის თამასუქებს ასი ათასობით ანაღდებდნენ.
იაკობ გოგებაშვილი აღნიშნავდა, ის მართლაც მილიონების მფლობელი იყო, მაგრამ "ამ მილიონებს თავისთვის კი არ ხარჯავდა, არამედ ქვეყანას ახმარდა. მან ყმაწვილობიდან გულში ჩაინერგა ქვეყნის სამსახური, მისი სიკეთე, მისი შვება და გაჭირვების შემცირება".
წმინდა ექვთიმე თაყაიშვილი, საქართველოს დიდი მოჭირნახულე, ასეთ ამბავს მოგვითხრობს: ერთ საჩხერელ თავადს, ნესტორ წერეთელს, ცოლად ჰყოლია გურიელის ქალი პელაგია. ნესტორის გარდაცვალების შემდეგ მისი ქონება, მათ შორის - "ვეფხისტყაოსნის" ერთი ხელნაწერიც, ცოლ-შვილს დარჩენია. ამ ხელნაწერს ყდა დაზიანებული ჰქონია და დედის დავალებით შვილებს ის თბილისში ჩამოუტანიათ შესაკეთებლად. მოხელეს კარგად გაუკეთებია ყდა, მაგრამ როცა ეს ძვირფასი განძი სახლში მიჰქონდათ, "ჩვენებური, თავადიშვილური დაუდევრობით" ეტლში დარჩენიათ და დაუკარგავთ. მათ შემდეგ ეს ეტლი უქირავებია ცნობილი ქართველი ვაჭრის ფორაქიშვილის ერთ ნოქარს, რომელსაც ხელნაწერი უპოვია და ძალზე გახარებია - "ახლა კი გავკეთდი კაციო". ფორაქიშვილს ეს ამბავი რომ გაუგია, ექვთიმესთან გაუგზავნია ნოქარი - წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისთვის შეიძენსო, მაგრამ თაყაიშვილი შინ არ დახვედრია. ნოქარიც ამდგარა და წიგნი მიუტანია კომერსანტ დავით სარაჯიშვილთან, რომელსაც სამი თუმანი მიუცია ხელნაწერში. "ცოტა ხნის შემდეგ დავით სარაჯიშვილმა მიმიწვია სადილად, - იგონებს ექვთიმე თაყაიშვილი, - კვირა დღე იყო, სტუმრები ჰყავდათ. შევედი თუ არა, მომაგება ის ხელნაწერი: "აი, საშენო, საშენო!"
დავით სარაჯიშვილს თავის ბიუჯეტში წინასწარ ჰქონდა გათვალისწინებული სხვადასხვა საზოგადო საქმისთვის დასახარჯი თანხა. ექვთიმე თაყაიშვილისავე ცნობით, 1902 წლის ზაფხულში მასა და დავითს ახალციხე-ახალქალაქ-არტაანის მაზრებში არქეოლოგიური ექსპედიციის მოწყობის შესახებ უსაუბრიათ. დავითს შეუტყვია, რომ ექვთიმე თაყაიშვილს საამისოდ ფული ცოტა ჰქონდა, გამოუძახია თავისი ხაზინადარი, ადამ ივანეს ძე ფორაქიშვილი, და უკითხავს: არქეოლოგიისთვის ჩვენს ბიუჯეტში ირიცხება რამე თანხა თუ არაო? არაო, მიუგია ფორაქიშვილს. მაშინ სარაჯიშვილის განკარგულებით ამ მიზნისთვის სალაროდან ცალკე გაუციათ თანხა.
ფილიპე გოგიჩაიშვილი იხსენებს: „გაცემას ყოველთვის ისეთ ხასიათს აძლევდა, თითქოს იგი თავისთავად მიმღებს ეკუთვნოდა და მის პიროვნებასთან არავითარი კავშირი არ ჰქონდა. თავმდაბლობა, გულკეთილობა და გულწრფელობა გამოსჭვიოდა ყოველს მის მოქმედებაში და ყველა ეს ჩვენ გვხიბლავდა და მის თავს გვაყვარებდა...“
ნიკო ნიკოლაძის ქალიშვილი , ქალბატონი რუსუდანი, რომელიც დავით სარაჯიშვილს ზეადამიანად თვლიდა და მას კაცთმოყვარეობისა და კეთილშობილების მოციქულს ეძახდა, იხსენებს: „ერთხელ ჩვენთან ბინაზე ყოფნისას აკაკიმ იხუმრა: რა მეშველება, ჩემო ნიკო, დავით სარაჯიშვილი რომ არ მყავდესო“
. არაფერია, ჩემო აკაკი, შენ გაუძლებ სიღარიბეს, მაგრამ რა ეშველება ქართულ თეატრს, წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას და ღარიბ მსახიობებსა და მოსწავლეებს უდავითოდ?“
დავით სარაჯიშვილი მდიდარი, წარმატებული მეწარმე იყო, მაგრამ, სხვა შეძლებული ადამიანებისგან განსხვავებით, მისთვის ფული თვითმიზანი კი არა, საშუალება იყო ქველმოქმედებისთვის.
“დავითი კაპიტალისტი იყო არა
მარტო იმიტომ, რომ კაპიტალის შეძენა უყვარდა, არამედ - იდეისთვის. დ. სარაჯიშვილი
გატაცებული იყო არა სიმდიდრის მოპოვების სურვილით, არამედ თავისი საქმიანობის
იდეით." (დავით გურამიშვილი "სახალხო გაზეთი", 1911)
1901 წელს, ილიას შემდეგ „ივერიას“ ალექსანდრე სარაჯიშვილი ჩაუდგა სათავეში. გაზეთს გაუჭირდა და შეიძლება დახურულიყო კიდეც. თავ. კონსტანტინე მუხრანსკის და დავით სარაჯიშვილის ნივთიერმა დახმარებამ გაზეთი გადაარჩინა. მეცენატი დახმარებას უწევდა თბილისში სახალხო თეატრის მშენებლობას. სოლიდური ფულადი სახსრები გაიღო ავლაბრის სახალხო თეატრის ასაგებად.
მის სახელს უკავშირდება ქართველთა შორის წერა კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წარმატებული საქმიანობა, „ქართველი გლეხების აღმდგენელი კომიტეტის“, ლადო აღნიაშვილისა და იოსებ რატილის გუნდების, საისტორიო-საეთნოგრაფიო და სხვა საზოგადოებების შექმნა.
ქუთაისში სარაჯიშვილს ახალგაზრდა კაცი წარუდგინეს და გაასინჯეს მის მიერ წარმოებული ლიმონათი. ცნობილ მრეწველს მოსწონებია სასმელი და უკითხავს, რატომ არ გააფართოებ წარმოებასო, რაზეც ახალგაზრდამ უპასუხა „ უსახსრობა მიშლის ხელს და თუ დამეხმარებით, კარგი იქნებაო“. დავითი უყოყმანოდ დაეხმარა. ეს კაცი მიტროფანე ლაღიძე იყო.
Комментариев нет:
Отправить комментарий