საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო შვილთაგანი, უნაკლო და
კეთილშობილი საზოგადო მოღვაწე, ძველ თბილისელთა შთამომავალი, ცნობილი
მეწარმე და მეცენატი,
სახელგანთქმული საზოგადო მოღვაწე, ევროპულად ნასწავლი და ქართულად აღზრდილი დავით ზაქარიას ძე სარაჯიშვილი დაიბადა ტფილისში 1848 წლის 28 ოქტომბერს. ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა მიზანსწრაფულობითა
და დამოუკიდებელი ხასიათით. – რასაც მიზნად დაისახავს, ყველაფერს მიაღწევს, მაგრამ
ვერაფრით გააკეთებინებთ იმას, რაც არ უნდა, – ამბობდა მამამისი.
მისმა წინაპრებმა ტფილისის საპატიო მოქალაქის წოდება 1710 წელს მიიღეს. იმ დროს ისინი აქტიურად ვაჭრობდნენ რუსეთთან, ოსმალეთთან, სპარსეთთან და ა.შ.
მისმა წინაპრებმა ტფილისის საპატიო მოქალაქის წოდება 1710 წელს მიიღეს. იმ დროს ისინი აქტიურად ვაჭრობდნენ რუსეთთან, ოსმალეთთან, სპარსეთთან და ა.შ.
დავითის პაპა - დავით
გიორგის ძე სარაჯიშვილი (1745-1845) ცნობილი
შეძლებული მოქალაქე გახლდათ. მან სახელი გაითქვა როგორც ქველმოქმედმა, ჰქონდა კომერციის მრჩევლის წოდება. ცნობილი გახდა იმით, რომ მან პირველმა გაიყვანა გზები კავკასიის მთებში და საფუძველი ჩაუყარა რუსეთთან ვაჭრობას. ის და მისი ძმა მიხეილი, საქართველოში მდგომ რუსულ ჯარებს სანოვაგით ამარაგებდნენ.
დავითის მამა - ზაქარია სარაჯიშვილი (1807-1880) იმ
დროისთვის განათლებული, გონებამახვილი და საკმაოდ შეძლებული ვაჭარი იყო. ზაქარია, მამასთან ერთად, საქართველოს ისტორიული ძეგლების აღდგენას და შენარჩუნებას დიდ ფულს ახმარდა. მისი წყალობით გადარჩა ქართველი ხალხის მრავალი ისტორიული, მატერიალური და სულიერი ფასეულობა.
დავითის დედა - ელისაბედ
სოლომონის ასული სავანელი, ლამაზი, ბრძენი, ქართული ტრადიციული წეს-ჩვეულებების შესაბამისად აღზრდილი ქალბატონი იყო. იგი მუდამ მეუღლის და მთელი ოჯახის საიმედო საყრდენი გახლდათ. მან დიდი როლი შეასრულა თავისი შვილის სულიერ-ზნეობრივ განვითარებაში, რასაც დავითი დიდად აფასებდა და სიამაყით აღნიშნავდა.
განათლება
თანამედროვეთა აღწერით, დავითი გონებაგახსნილი, გონებამახვილი, სიცოცხლის და ადამიანებთან ურთიერთობის მოყვარე ყმაწვილი იყო. მაშინდელი წესის თანახმად, დაწყებითი განათლება მან სახლში მიიღო. ანბანის სწავლისა და სათანადოდ აღზრდის შემდეგ, პატარა დავითი ფრანგი გაკეს კერძო პანსიონში მიაბარეს.
1866
წელს ტფილისის კლასიკური გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, მან სწავლა პეტერბურგის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე განაგრძო, ერთი წლის შემდეგ კი გერმანიაში გაემგზავრა, სადაც ლექციებს ჯერ მიუნხენის, ხოლო შემდეგ ჰაიდელბერგის უნივერსიტეტებში ისმენდა.
1871
წელს დაამთავრა ჰაიდელბერგის უნივერსიტეტი და ქიმიისა და ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი მიიღო.
1878 წლამდე ის
სოფლის მეურნეობის მეცნიერებებს თეორიულად და პრაქტიკულად ჰოჰენჰაიმში სწავლობდა.
1878-1880 წლებში გაემგზავრა საფრანგეთში, სადაც ფუნდამენტურად შეისწავლა მეღვინეობის ტექნოლოგიის ყველა სახე, განსაკუთრებით ღრმად კი, კონიაკისა და მაგარი სასმელების დამზადების ტექნოლოგია. სამშობლოში ის ცოდნითა და ენერგიით აღსავსე დაბრუნდა.
ოჯახი
დავით სარაჯიშვილი სამშობლოში 14 წლის შემდეგ, 1880 წელს დაბრუნდა
და იმავე წელს მომხიბლავ ეკატერინე ივანეს ასულ ფორაქიშვილზე დაქორწინდა.
ფორაქიშვილის ოჯახი, ისევე როგორც სარაჯიშვილებისა, თავისი ტრადიციებითა და
შეძლებულობით ტფილისში ცნობილი იყო. ეკატერინეს მამა, წესიერებითა და განათლებით ცნობილი მდიდარი ვაჭარი და არენდატორი გახლდათ.
დედა, რბილი ხასიათის მქონე განათლებული არისტოკრატი ნატო იოსების ასული სავანელი, ოჯახში სითბოს და მყუდროებას ქმნიდა. მან თავისი ქალიშვილი ამავე სულისკვეთებით აღზარდა. თავად ეკატერინე განათლებულ, რამდენიმე ევროპული ენის მცოდნე სათნო, საზრიან, ოჯახური ტრადიციების დამცველ მზეთუნახავად ჩამოყალიბდა.
დავითმა და ეკატერინემ ქორწილი 1880 წლის 10 სექტემბერს, მაშინ
უკვე საკურორტო ქალაქ ბორჯომში გადაიხადეს.
Комментариев нет:
Отправить комментарий